jetour t2 i dm

ჰიბრიდი თუ Plug-in ჰიბრიდი — რით განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან?

Published: October 13, 2025

ეკოლოგიური პრობლემების აქტუალობა და ტექნოლოგიური პროგრესი სულ უფრო და უფრო მეტ მძღოლს უბიძგებს, ტრადიციული შიდა წვის ძრავიანი ავტომობილებიდან ჰიბრიდულ მოდელზე გადავიდეს. თუმცა, ბევრისთვის კვლავ ბუნდოვანია, რა არის ეს ტექნოლოგია და, რაც მთავარია, რით განსხვავდება ერთმანეთისგან ჩვეულებრივი ჰიბრიდი და მისი შედარებით ახალი ალტერნატივა Plug-in ჰიბრიდი. 

 

როგორ მუშაობს ჩვეულებრივი ჰიბრიდი (HEV)?

 

ჰიბრიდული ავტომობილები შიდაწვისა და ელექტრო ძრავების კომბინაციით მუშაობს. მისი მთავარი თავისებურება ისაა, რომ ის გარე დამტენს არ საჭიროებს და ენერგიას თავად გამოიმუშავებს. 

 

ელემენტი ავტომობილის დამუხრუჭებისას იმუხტება. ამ პროცესს რეგენერაციული დამუხრუჭება ეწოდება — როცა მძღოლი ფეხს მუხრუჭს ადგამს, ელექტროძრავა გენერატორის რეჟიმში გადადის, ბრუნვის ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის და მას ელემენტში ინახავს. 

 

ავტომობილის გადაადგილებისას ორივე ძრავა არ მუშაობს. დაბალ სიჩქარეზე ავტომობილი ძირითადად ელექტროენერგიით გადაადგილდება, მაღალზე კი შიდაწვის ძრავა აქტიურდება. გზის იმ მონაკვეთებში, სადაც განსაკუთრებული სიმძლავრეა საჭირო, ორივე ძრავა სინქრონულად მუშაობს. ეს პროცესი მძღოლისგან დამოუკიდებლად, ავტომატურ რეჟიმში იმართება. 

 

ჰიბრიდული ავტომობილის უპირატესობები:

  • არ საჭიროებს გარე წყაროდან დამუხტვას;
  • რეგენერაციული დამუხრუჭების სისტემის წყალობით სამუხრუჭე ხუნდები მალე არ ცვდება;
  • მცირე ზომის ელემენტი აქვს, ამიტომ ავტომობილი მსუბუქია;
  • სისტემა სრულად ავტომატურია და მძღოლისგან დამატებით ჩარევას არ მოითხოვს.
  • ჩვეულებრივ ავტომობილთან შედარებით 30-40%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარს

 

რა არის Plug-in ჰიბრიდი (PHEV)?

 

Plug-in ჰიბრიდები, ანუ PHEV-ები, ჰიბრიდული ტექნოლოგიის განვითარების უფრო გვიანდელი შედეგია. ჩვეულებრივი ჰიბრიდის მსგავსად, ამ ავტომობილებსაც ორი ტიპის ძრავა აქვს, თუმცა მათი ელემენტი გაცილებით დიდი მოცულობისაა და მისი დამუხტვა, რეგენერაციულ დამუხრუჭებასთან ერთად, გარე ელექტრო სადგურიდანაც არის შესაძლებელი. 

 

დიდი ელემენტის წყალობით, PHEV-ები მხოლოდ ელექტროძრავით 40-დან 80 კმ-მდე მანძილს ფარავს. ზოგიერთი თანამედროვე მოდელი, მაგალითად, Jetour T2 I-DM, 100 კმ-ზე მეტსაც გადის. 

 

Plug-in ჰიბრიდებში ძირითადად ელექტროძრავა მუშაობს, შიდაწვის მექანიზმი მხოლოდ მაშინ ირთვება, როცა ელემენტი იცლება ან მაღალი სიმძლავრეა საჭირო.

 

კვლავ Jetour-ის ჰიბრიდულ მოდელს რომ დავუბრუნდეთ, მას დამატებითი, საინტერესო ფუნქციაც აქვს. ეს არის V2L (Vehicle-to-Load) ტექნოლოგია, რომელიც ავტომობილის ელემენტში დაგროვებულ ელექტროენერგიას დენის წყაროდ აქცევს. მისი საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა მოწყობილობის, მაგალითად, ჩაიდნის, ელექტრო ხელსაწყოების ან კემპინგის აღჭურვილობის დამუხტვა და გამოყენება. 

 

Plug-in ჰიბრიდის უპირატესობები:

  • მხოლოდ ელექტროძრავით შესაძლებელია ყოველდღიური მარშრუტების გავლა;
  • ელექტროენერგიის ამოწურვისას შიდაწვის ძრავა ავტომატურად ჩაირთვება;
  • შესაძლებელია სხვადასხვა მოწყობილობების დამუხტვა;
  • გარე სადგურიდან იმუხტება;
  • ელექტრო რეჟიმში მუშაობისას არ გამოყოფს გამონაბოლქვს;

 

აღმოაჩინეთ Jetour T2-ის Plug-in ჰიბრიდული მოდელის უნიკალური შესაძლებლობები და ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე, რათა თავად გამოცადოთ მომავლის ტექნოლოგია.

 

ძირითადი განსხვავებები არსებობს მათ შორის?

 

ჩვეულებრივი ჰიბრიდი ენერგიას მხოლოდ მოძრაობისას, დამუხრუჭებისა და შიდაწვისა ძრავის მუშაობისას, აგროვებს. Plug-in ჰიბრიდი კი გარე წყაროდანაც იტენება, მისი დამუხტვა  სახლის, სამსახურის ან საჯარო დამტენი სადგურებიდანაა შესაძლებელი.

 

ამის გამო, Plug-in ჰიბრიდი ქალაქში დაბალი სიჩქარით გადაადგილებისას ელექტროძრავის რესურსს მოიხმარს და საწვავს არ ხარჯავს. ჩვეულებრივმა ჰიბრიდმა კი, ელექტროძრავის გასააქტიურებლად, ჯერ გარკვეული მანძილი უნდა გაიაროს და ენერგია დააგროვოს. 

 

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ბატარეის ზომაა. HEV-ს მცირე ზომის ელემენტი აქვს, რომელიც მხოლოდ შიდაწვის ძრავის დამხმარე ფუნქციას ასრულებს. PHEV-ის ბატარეა კი გაცილებით დიდია, რაც მას საშუალებას აძლევს, გარკვეული მანძილი დამოუკიდებლად გაიაროს.  განსხვავებულია ელექტრო გარბენიც: ჩვეულებრივი ჰიბრიდი ელექტრო რეჟიმში 2-3 კილომეტრს გადის, Plug-in ჰიბრიდი კი  40-80 კილომეტრს ან მეტსაც ფარავს. 

 

რომელია უფრო ეკომეგობრული — ჰიბრიდი თუ Plug-in ჰიბრიდი?

 

Plug-in ჰიბრიდი მეტ მანძილს გადის ელექტროძრავით, შესაბამისად, მხოლოდ ელექტროენერგიას იყენებს და მცირე რაოდენობის საწვავს მოიხმარს. ამის გამო, ამ ტექნოლოგიის მქონე ავტომობილები ნაკლებ გამონაბოლქვს გამოყოფს და გარემოსაც ნაკლებ ზიანს აყენებს.

 

თუმცა, იმისთვის, რომ Plug-in ჰიბრიდი მართლაც ეკომეგობრული იყოს, ის რეგულარულად უნდა დამუხტოთ. თუ ავტომობილი არ იტენება და მხოლოდ შიდაწვის ძრავით გადაადგილდება, ის კარგავს ამ უპირატესობას.

 

რომელი შეესაბამება თქვენს საჭიროებებს?

 

 

ეს არჩევანი თქვენს ცხოვრების წესზეა დამოკიდებული. თუ ძირითადად ქალაქში გადაადგილდებით, დღეში 50 კილომეტრზე ნაკლებს გადიხართ და არ გაქვთ წვდომა პირად დამტენ სადგურზე, მაშინ ჩვეულებრივი ჰიბრიდი უნდა შეარჩიოთ. ის დამოუკიდებლად შეავსებს ელექტროძრავას და საწვავს ეკონომიურად მოიხმარს. 

 

Plug-in ჰიბრიდი მათთვის არის შესაფერისი, ვისაც დამტენ ინფრასტრუქტურაზე სტაბილური წვდომა აქვს. 60 კილომეტრამდე ყოველდღიური მარშრუტის შემთხვევაში და საღამოობით დატენის შესაძლებლობისას საწვავის მოხმარება მინიმუმამდე შემცირდება.

 

გასათვალისწინებელია, რომ სტანდარტული ქსელიდან PHEV-ის ბატარეის სრულად დატენას 3-დან 6 საათამდე სჭირდება. თუ სახლთან ან სამსახურთან პარკირების ადგილი გაქვთ, სადაც ავტომობილის დატენა შესაძლებელია, ეს პრობლემას არ ქმნის. სხვა შემთხვევაში, საჯარო დამტენებზე დამოკიდებულება PHEV-ის ფლობას გაგირთულებთ და მის შესაძლებლობებს სრულად ვერ გამოიყენებთ. 

 

აღმოაჩინეთ Jetour-ის SUV ავტომობილები ქალაქისა და ოფროუდ მოგზაურობებისთვის!

 

დაბოლოს, ორივე ტექნოლოგია საწვავის ეკონომიისა და ემისიების შემცირებას ისახავს მიზნად, თუმცა ამას სხვადასხვა გზით აღწევს.  ჩვეულებრივი ჰიბრიდი ავტომატურად ავსებს ელემენტს და გარე დამტენს არ საჭიროებს, თუმცა მხოლოდ ელექტროძრავით მინიმალური მანძილის გავლა შეუძლია. Plug-in ჰიბრიდი რეგულარულ დამუხტვას მოითხოვს, მაგრამ სანაცვლოდ ყოველდღიურ მარშრუტებს საწვავის ხარჯის გარეშე ფარავს.